18 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
შვეიცარიაში მოკლულ ქართველის ოჯახი დახმარებას ითხოვს

როდის გადმოასვენებენ საქართველოში შვეიცარიაში მოკლულ ქართველს უცნობია. გარდაცვლილის ოჯახი მოკლულის გადმოსვენებაში დახმარებას საგარეო უწყებას თხოვს. 35 წლის გურჯაანელი ვაჟა კაციაშვილის  ცივი იარაღით საძილე არტერია აქვს გადაჭრილი. მოკლულის ოჯახისათვის სხვა დეტალები უცნობია. ნათესავებმა მხოლოდ ის იციან, რომ კაციაშვილი ბინაში ბავშვობის მეგობარ სოსო გურგენიშვილსა და უცხოელ მოქალაქესთან ერთად ცხოვრობდა. 

ვაჟა კაციაშვილის მკვლელობის ფაქტზე შვეიცარიაში სამართალდამცველებმა, მისი მეგობარი სოსო გურგენიშვილი უკვე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული შვეიცარიაში ორი თვის წინ მასთან ერთად გაემგზავრა და ადგილობრივ ხელისუფლებას ისინი ლტოლვილებად ჩაბარდნენ.

ვაჟა კაციაშვილის ოჯახი გურჯაანში არ გამორიცხავს რომ ბავშვობის მეგობრებს შორის დაპირისპირება, თანხის გამოძალვის ფაქტზე მოხდა. ახლობლების ინფორმაციით კონფლიქტი, კაციაშვილსა და გურგენიშვილს შორის გასულ წელს დაიწყო.

როდის მოხდება ვაჟა კაციაშვილის საქართველოში გადმოსვენება ჯერჯერობით უცნობია. მოკლულის ოჯახი პასუხს საგარეო უწყებისგან, დღის ბოლომდე ელოდება.

ავტორი:ია გულიაშვილი.

დღის ამბები