ახალი საქართველოს ლიდერი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პასუხობს. გიორგი ვაშაძის თქმით სკანერებით ხმების დათვლა შესაძლებელია, საარჩევნო კომისია კი არჩევნების გაყალბების მიზნით შეგნებულად არიდებს თავს ამ პროცესს. ვაშაძე ცესკო-ს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაშიც ადანაშაულებს.
“ჩვენმა განცხადებამ სკანერების ხმის დათვლის პროცესში გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო ცენტრალური საარჩევნო კომისია. როგორც ჩანს, ჩვენი ინფორმაციით მათ თვითონაც იცოდნენ, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში მწვანე უბნების პროექტი, არჩევნების გაყალბების პროექტი ჩაუვარდებათ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას იყოს კონსტრუქციული და პოლიტიკურ განცხადებებს ნუ აკეთებს“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.