18 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
ართანას ტყის ხანძრის ჩასაქრობად 3 ვერტმფრენი უკვე გაფრინდა

ართანას ტყეში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების ჩასატარებლად 3 ვერტმფრენი გაემგზავრა. მათ შორის ერთი საქართველოს შს სამინსიტროს ეკუთვნის, ხოლო 2 - ირანს.

როგორც საგანგებო სიტუაციების სააგენტოში რუსთავი2-ს განუცხადეს, ადგილზე 100-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული და რთული რელიეფის გამო, სამუშაოებში ავიაციის ჩართვა გახდა საჭირო.

სამუშაოებს ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო ბრიგადები ასრულებენ.

ცეცხლი ართანის ტყეში დღეს დილით გაჩნდა. ზოგიერთ ადგილზე წიწვოვანი ხეები იწვის. ამ წუთებში მობილიზაცია თელავის აეროპორტში მიმდინარეობს.

„ეს არის უკვე კავკასიონის ქედი, აბსოლუტურად მიუვალი ადგილი არის სახმელეთო ტექნიკის გამოყენება შეუძლებელი არის. მაშველები, რომლებიც დილაადრიან არიან გასულები უკვე ადგილზე, დიდი პრობლემებით აღწევენ ადგილამდე. რამდენიმე ადამიანი უკვე იქ არის, მაგრამ იმის გამო, რომ არის ციცაბო, ფრიალა კლდეზე მყოფი ტყე, საჭირო გახდა ვერტმფრენი გამოყენება, რათა მაშველთა ჯგუფი ალპურ ზონაში იქნას გადასხმული და ზემოდან მოხდეს უკვე იმ ცეცხლის კერებთან მიახლოება,“ - განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები