საარქივო მოამბის მე-18 ნომერი გამოდის. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტი საკმაოდ მძიმე, თუმცა, რეალურ ფაქტებს ასახავს საქართველოს უახლესი ისტორიიდან.
დოკუმენტებში ასახულია სამეულის მოსაზრება, თუ რატომ იმსახურებდნენ ეს ადამიანები უმაღლეს სასჯელს. სამეულის სხდომის ოქმები, 1921-38 წლების რეპრესიები და ქართველი და უცხოელი ხელოვანების ბედი, ყველა დოკუმენტი ერთ ჟურნალში გაერთიანდა.
საბუთების უმრავლესობა პირველად ქვეყნდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივ პროექტზე 30-მდე ადამიანი 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. საარქივო მოამბის მე-18 ნომრის მიზანი და იმ რეალობის ასახვაა, რაც საბჭოთა წყობილების ძალადობრივი დამყარების შედეგად ხელოვანებმა გადაიტანეს.
საარქივო მოამბეში დაბეჭდილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ყველა, ვინც იმ დროში განსხვავებული აზრის მატარებელი იყო მმართველების მხრიდან სასტიკად ისჯებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული ოქმების თანახმად სამეულის წევრებმა განაჩენი დაახლოებით 22 ათას ადამიანს გამოუტანეს. აქედან უმრავლესობა სიკვდილით დასაჯეს.
ჟურნალ საარქივო მოამბის მეთვრამეტე ნომერს, რომელიც ქართველ ხელოვანების მიმართ რეპრესიებს ასახავს, პრეზენტაცია 4 სექტემბერს ხელოვნების სასახლეში გაიმართება.