თელავში საგანგებო შტაბის თათბირი გაიმართა. თათბირის მონაწილეებმა რეგიონში ცეცხლის ეფექტურად ლიკვიდაციის განახლებულ გეგმაზე იმსჯელეს. საგანგებო შტაბის ცნობით, დღის განმავლობაში ცეცხლის კერებთან ვერტმფრენის მეშვეობით, მეხანძრე-მაშველების დამატებითი რაოდენობის მობილიზება მოხდა.
საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში, ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
შტაბის ცნობით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან ახლომდებარე ტყეში, სადაც ცოცხალი ძალა და საჰაერო ტექნიკა ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ახორციელებს.
საგანგებო შტაბის ინფორმაციით, მთა-თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ცეცხლის ლოკალიზებას ცოცხალი ძალა და შსს-ს ვერტმფრენი ცდილობენ.