ხულოში ცეცხლის სამი კერიდან ერთი უკვე ლოკალიზებულია. შავნაბადას მთაზე ხანძრის ჩაქრობას 80 მეხანძრე-მაშველი ცდილობს. მიუდგომელი ტერიტორიის გამო, ტექნიკის მისვლა ცეცხლის კერებთან შეუძლებელია. გართულებულია უშუალოდ ცეცხლის კერებთან ახლოს მყოფ მაშველებთან სატელეფონო კავშირიც.
ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მათი ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 3 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გავრცელებული. მათივე ცნობით, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არის, შესაბამისად, ჯერჯერობით არ განიხილება ოპერაციაში ავიაციის ჩართვის საჭიროება.
„რელიეფი რთულია, დაახლოებით 3 კილომეტრია მთიდან გასასვლელი ბილიკით, იქ სახანძრო საშუალებები ვერ მივა, ამიტომ ხელით იქნება ყველაფერი გასაკეთებელი,“ - განაცხადა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ.