ხანძარს ებრძვიან აჭარაში - ხულოში ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. შავნაბადას მთაზე ხანძრის ჩაქრობას 80 მეხანძრე-მაშველი ცდილობს. მიუდგომელი რელიეფის გამო, ცეცხლის კერებთან ვერ ხერხდება სპეცტექნიკის მიყვანა.
ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ცეცხლი დაახლოებით 3 000 კვადრატულ მეტრ ტყის მასივზეა გავრცელებული.
„თანდათანობით უფრო მატულობს, მითუმეტეს ამას დაერთო ქარის პერიოდი და უკვე ძალიან საშიშია. მართალია შერეული ტყეა, მაგრამ არის წიწვოვანი ტყეც და წიწვოვან ტყეებზე რომ გადავიდეს, მერე უფრო ზარალი მოიმატებს და ფართო მასშტაბით გავრცელდება და ტყეც დაიწვება და საძოვრებიც,“ - განაცხადა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ.