18 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების გამკაცრებას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი,  საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების გამკაცრებას ითხოვს. ამ ინიციატივას ადმინისტრაციაში იმით ხსნიან, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა უფრო მოთხოვნადი გახდა, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი და პასუხისმგებლობაც თითოეული მოქალაქის, ცხადია, ამავდროულად, სახელმწიფოს. შესაბამისად, აქამდე განსაკუთრებით ლიბერალური იყო, მათ შორის პრეზიდენტის მოქმედებები მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, თუმცა, ახალი რეალობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გადაიხედოს მიდგომები,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ ის საბჭო, რომელიც მოქალაქეობას ანიჭებს შეიცვალოს და მას საჯარო სამსახურის მოხელეების გარდა, დაემატონ ექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები. პრეზიდენტი მიჩნევს, რომ ცვლილებები მოქალაქეობის მინიჭების პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის.

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე, აცხადებს, რომ გამკაცრების პოლიტიკა იუსტიციის სამინისტროში უკვე რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

„ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ მიმდინარე ზაფხულის სამ თვეში შემოსული განცხადებების 50% უარყოფითად დავასრულეთ, ხოლო დანარჩენი ნახევარი, რომელიც დადებითი დასკვნით გადაიგზავნა პრეზიდენტთან, სრულიად გაზიარებული და ხელმოწერილია პრეზიდენტის მიერ, გარდა 2 შემთხვევისა,“ - განაცხადა სოსო გიორგაძემ.

ის აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი პროცედურის სამართლიანობაც არის.

დამატებითი დეტალები იხილეთ "კურიერში 21:00 საათზე."

დღის ამბები