ხანძრის მეოთხე დღე კახეთში - დილიდან კოხტას მთის ფერდობზე ავიაციის ჩართვა ვერ მოხერხდა - მიზეზი ართანას ტყეში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა. ადგილზე ნისლი და ძლიერი დაკვამლიანებაა, რაც ვერტმფრენს სამუშაო პროცესს ურთულებს. მთის ფერდობზე ამ დრომდე რჩება ცეცხლის ოთხი კერა - ადგილზე ცოცხალი ძალაა მობილიზებული.
"3-4 კერა არის, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობით იქნას განხილული. ვერტმფრენი იყო დღეს უკვე დილას ადრიანად შესული დაზვერვაზე. ალბათ, ცოტა ხანი ვერტმფრენებს მუშაობის საშუალება არ ექნებათ, დაკვამლიანებისა და ნისლის გამო. ნისლი თავისთავად კარგი არის, რადგან ის ტენის შემცველობასაც ნიშნავს ამავდროულად. ასე რომ, ართანის მიმართულებაზე ჩვენ სტაბილური, აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ მყოფი სიტუაცია გვაქვს," - განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი.
მაშველებს მობილური ავზებით წყლის მარაგს აწვდიან. რთული რელიეფის გამო, მთაზე სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების დროს, გუშინ ართანაში 2 მეხანძრე-მაშველი ქვის ცვენის დროს მსუბუქად დაშავდა.