კახეთში, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარს მეოთხე დღეა, ვერ აქრობენ. მეხანძრე-მაშველები, ადგილობრივები და ავიაცია ცეცხლის 10 კერას ებრძვიან. მთის ფერდობი რთულად მისადგომია და მძიმე ტექნიკის გადაადგილება შეუძებელია, წყალი ცხენებით ან ფეხით მიაქვთ.
კურიერის გადამღებმა ჯგუფმა, მეხანძრე-მაშველებთან და ადგილობრივებთან ერთად, ხანძრის კერამდე მისასვლელი რთული გზა გაიარა.
ადგილზე, დაახლოებით, 70%-იანი დახრაა, რაც სამუშაოებს კიდევ უფრო მეტად ართულებს. მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობა სახიფათოა, რადგან ქვის ცვენა და დამწვარი მორების დაცურება ხშირია.
ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ავიაცია უფრო ადრე უნდა ჩართულიყო, თუმცა, ისინი აცხადებენ, რომ მოსახლეობას და დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება.
საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის თანამშრომლები ხანძრის ლიკვიდირებაზე ჯერ ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ბუნება გადაარჩინონ.
ხანძრის კერებს მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის თანამშრომლები, სამხედროები და ადგილობრივი მოსახლეობა საერთო ძალებით ებრძვიან.