პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე ოპოზიციამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხანძრების გაჩენის ტენდენციასა და მმართველი გუნდის მხრიდან, სტიქიის შესაჩერებლად, დაგვიანებულ რეაგირებაზე ისაუბრა.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, ოთარ კახიძე, აცხადებს, რომ კრიზისების მართვის საბჭო საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს და „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანების დასასაქმებლად არის გამოყენებული.
„კანონმდებლობას უყურებდნენ მაშინ, როდესაც ხანძარი მწვავდებოდა. დროულად უნდა მოგვეთხოვა საერთაშორისო დახმარება მეგობარი ქვეყნებისგან, სამწუხაროდ, გავიგეთ ინფორმაცია, რომელსაც მალავდა ხელისუფლება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნია რუსეთის ფედერაციისთვის, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში აალებადი ჭურვები ხანძრის გასაჩენად ჩამოყარა სწორედ ბორჯომის ტყეებში,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენლებმა ოთარ კახიძის გამოსვლას „უსაფუძვლო კრიტიკა“ უწოდა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, განაცხადა, რომ კრიზისული სიტუაციების მართვის საბჭო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყანაში.
„ჩემი რჩევაა, ბატონო ოთარ, რომ ელემენტარულად გაერკვიოთ კრიზისების მართვის საბჭოს ფუნქციებში,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საკითხზე განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგო რატიანმაც, გააკეთა. მისი თქმით, გასაკვირი არ არის, რომ სტიქიის დროს ხელისუფლების რეაგირება დაგვიანებული იყო, რადგან უმრავლესობა პარლამენტში დანიშნულ სხდომაზეც არ ცხადდება დროულად და სხდომა 2 საათის დაგვიანებით იწყება.
„ტიპიური საბჭოთა კავშირის სინდრომი არის, როდესაც რაღაცა მავნებლობას ეხება, ძალიან სწრაფად კეთდება საქმე. როდესაც მართლა საქმე არის გასაკეთებელი, ისეთი, როგორიც მაგალითად, ელემენტარულად შევიკრიბოთ და უმრავლესობას ეკისრება ვალდებულება, რომ შეკრიბოს ქვორუმი, ამაზე, რასაკვირველია, ვაგვიანებთ,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.