შავნაბადას მთაზე ცეცხლის მასშტაბები გაიზრდა. ვითარება შედარებით გართულდა მას შემდეგ, რაც შუადღისას ქარი ამოვარდა. ხანძარს თურქული და ქართული ვერტმფრენები ებრძვიან. ისინი ხანძრის ლოკალიზებას დილიდან ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.
შავნაბადას მთაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, ხანძრის ახალი კერა არ გაჩენილა, თუმცა იმატა მისმა მასშტაბებმა. ზურაბ პატარაძის განცხადებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალაა მობილიზებული.
„უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ორი ვერტმფრენი. ყველა სამსახური მობილიზებულია. დაგიდასტურებთ, რომ შუადღისას ცოტა გართულდა სამუშაოები, ვინაიდან, ამოვარდა ქარი და ეს აფერხებს მუშაობას,“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
გარდა ამისა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ტყეში შემავალი ახალი გზის გაყვანა და სპეციალისტები მის დასრულებას ხვალ დილისთვის ვარაუდობენ. სწორედ ამ გზის დახმარებით, სახანძრო მანქანები უშუალოდ ცეცხლის კერებთან მისვლას შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ უკვე მეოთხე დღეა, შავნაბადას მთაზე ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ, თუმცა, რთული რელიეფის და კლიმატური პირობების გამო, ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.