თავდასხმა მოხდა გუშინ სოციალურ მუშაკებზე გლდანის ფილიალში. ისინი ფსიქიკური პრობლემების მქონე დედამ და არასრულწლოვანმა გოგონამ სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. კონფლიქტი სოციალური მუშაკების გადაწყვეტილებამ გამოიწვია. მათ სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, ოჯახიდან 5, 9 და 13 წლის გოგონების დროებით თავშესაფარში გადაყვანა სცადეს, რადგან შემოწმების დროს ბავშვებზე ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა. სოციალურმა მუშაკებმა ბინიდან ორი ბავშვის გამოყვანა პატრულის დახმარებით შეძლეს, რასაც ჩხუბი მოჰყვა.
ოფისში მისვლის შედმეგ კი, მათ კაბინეტში ქალბატონი შეიჭრა და არასრულწლოვან შვილთან ერთად სამ სოცმუშაკს სცემა, თაროებიდან დოკუმენტები გადმოყარეს და კომპიუტერები და საოფისე ტექნიკა დაამტვრიეს.
თავდასხმა სოციალურ მუშაკებზე, ჯანდაცვის სამინისტროს კუთვნილ შენობაში მოხდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ იქ დაცვის სათანადო ზომები არ იყო მიღებული და ცემის ფაქტის აღკვეთა პატრულის მისვლამდე ვერავინ შეძლო. ხმაურიანი დაპირისპირების ისტორიის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრო უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე და სოციალური მუშაკების სამუშაო ადგილას დაცვის გამოყოფაზე ალაპარაკდა.
უფლებადამცველები სოციალურ მუშაკებზე თავდასხმის ფაქტს ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემად აფასებენ.
თავდამსხმელი დედა შვილი ჯერ არ დაუკავებიათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულ ქალბატონს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: თაკო სურგულაძე.