საქართველოში, ბოლო დროს გახშირებულ ხანძრებთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის ექსპერტები, ეკოლოგიური კატასტროფის და ხელისუფლებისგან მისი შედეგების დამალვის მცდელობაზე ლაპარაკობენ. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები სპეციალისტების დათვლილისგან აშკარად განსხვავდება.
ოფიციალური მონაცემის მიხედვით, აგვისტოში დამწვარი ტყეების ფართობი 824 ჰექტარია, თუმცა ის რეალურ სურათს მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს. სინამდვილეში კი, აგვისტოში დამწვარი ტყეების ფართობი გაცილებით მეტია. დამწვარი ტყეების ნაწილი დათვლილი არ არის, ნაწილს კი გაურკვეველი მიზეზით მალავენ. გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე ექსპერტები საუბრობენ, რომ დამწვარი ტერიტორია გაცილებით დიდია.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აგვისტოში საქართველოს მასშტაბით 45-მდე ხანძარი გაჩნდა. უმეტეს შემთხვევაში, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ანგარიში ერთმანეთს არ ემთხვევა. ადგილობრივები გაცილებით მეტ მასშტაბებზე საუბრობენ, ვიდრე ამას ოფიციალური პირები ასახელებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში ეკოლოგიური კატასტროფაა და ის ხანძრებთან საბრძოლველად სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა.
უახლოეს დღეებში ასევე დაგეგმილია ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტერიტორიების შემსწავლელი კომისიის შექმნა. პარალელურად, ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიებაც მიმდინარეობს. თუმცა, კონკრეტული პასუხი, რამ გამოიწვია ერთ თვეში 45 ხანძარი, ჯერ უცნობია.