საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიაში წყალმომარაგების კომპანიების განაცხადების მიღება აქციის ფონზე მიმდინარეობს. სემეკ-თან "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა მხარდამჭერებთან ერთად მივიდა.
გიორგი გუგავას სხდომაზე შესვლა აქციის მონაწილეებთან ერთად სურდა, რისი უფლებაც მას შენობასთან მობილიზებულმა პოლიციელებმა არ მისცეს. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს და მოქალაქეები შენობაში არ შეუშვეს.
მათ "ლეიბორისტული" პარტიის პოლიტიკურ მდივანს განუცხადეს, რომ სხდომათა დარბაზში ხალხმრავლობაა და მოქალაქეთა შესვლა შეუძლებელია, რასაც სამართალდამცველებსა და გიორგი გუგავას შორის მცირე შელაპარაკება მოჰყვა.
თავად გიორგი გუგავამ სემეკ-ის სსხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და აქციის მონაწილეებს შეუერთდა.
„ეს არის ბანდიტების კორპორაცია, რომელიც ასრულებს ენერგო მაფიოზების დაკვეთას, რომლებიც ხელისულებაში არიან და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უზრდიან მოქალაქეებს ტარიფს,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.
საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ირინა მილორავა „ლეიბორისტული პარტიას“ აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ პარტიის რეალური დაინტერესების შემთხვევაში მათ სატარიფო განაცხადი უნდა გამოითხოვონ.
მილორავა ასევე აღნიშნავს, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ შეუძლია სხდომასა და განხილვებში მონაწილეობის მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს პარტიის მხრიდან არგუმენტირებული განცხადებები.
შეგახსენებთ, რომ Georgian Water and Power-მა, რუსთავისა და მცხეთის წყლის კომპანიებმა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიას ტარიფის გაზრდის გეგმიური განცხადებით მიმართეს.
წინადადებებზე კომისია მსჯელობას რამდენიმე დღეში დაიწყებს. ყოველწლიური პროცედურის შემდეგ წყლის ტარიფის ახალი მაჩვენებელი უნდა განისაზღვროს. მარეგულირებლ კომისიას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებმაც მიმართეს.
შეიცვლება თუ არა სამომხმარებლო ტარიფები, სემეკ-ში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რადგან კომისია საკითხის განხილვა ჯერ არ დაუწყია და ამისთვის კანონმდებლობით 150 დღეს აქვს განსაზღვრული.