18 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
ირაკლი პეტრიაშვილსა და დავით ოქიტაშვილს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება

ირაკლი პეტრიაშვილსა და დავით ოქიტაშვილს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება. პროფესიული გაერთიანებული პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთის ყოფილმა აქტივისტმა ოქიტაშვილი შანტაჟში დაადანაშაულა. გიგა ქურხაშვილმა ოქიტაშვილთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა და მასთან სოციალურ ქსელში მიმოწერა გაასაჯაროვა. ქურხაშვილის განცხადებით, მას ოქიტაშვილი სთხოვდა გაევრცელებინა ინფორმაცია, თითქოს და ირაკლი პეტრიაშვილს დეპუტატი გია ჟორჟოლიანი მფარველობდა.

„როცა შევხვდი ბატონ დავით ოქიტაშვილის, მან მითხრა, რომ თვითონ თუ გაიმარჯვებდა პროფკავშირებში, გადავიდოდა კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრად და ხოფერიას დანიშნავდა პროფკავშირებში. დღეს მირეკავს ოქიტაშვილი დილის საათებში და მეუბნება ასეთ რამეს. გია ჟორჟოლიანი, რომელიც არის "ქართული ოცნების" დეპუტატი, მფარველობს ირაკლი პეტრიაშვილს და გვირბლიანის თემებს,“ - განაცხადა დავით ოქიტაშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილმა წევრმა გიგა ქურხაშვილმა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ეს არის პირდაპირი ჩარევა ორგანიზაციის საქმიანობაში.

„თავი დაანებონ ახალგაზრდების დაშანტაჟებას, ჩემი ოჯახის წევრების დევნას. მე არ ვიცი მართალია თუ არა, როგორც ყიდის ეს ინფორმაციას, რომ მთავრობა მხარს უჭერს, რომ მისი საკითხი გადაწყვეტილია. ეს არის პირდაპირი ჩარევა ორგანიზაციის საქმიანობაში“ - განაცხადა პეტრიაშვილმა. 

დავით ოქიტაშვილი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ კონკრეტულ მტკიცებულებებს პეტრიაშვილის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყებას, უახლოეს პერიოდში წარუდგენს.

„მინდა ბატონ ირაკლის მივმართო, არ გამოგივა არაფერი, შენი დრო არის წასული, შენ ხარ კრიმინალი და მე მეცოდება ახალგაზრდები, ასე რომ ყავს ჩათრეული. ზღაპარი, რომ მე კულტურის მინისტრად დავინიშნები და მერე ხათუნა ხოფერია გადავა ჩემს ადგილას, პროფკავშირის თავმჯდომარე, ჯერ უნდა იყოს პროფკავშირის წევრი და უნდა იყო ყრილობის დელეგატი. ხათუნა არც წევრი არ არის, არც დელეგატი," - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

დღის ამბები