18 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
"მაქვს მტკიცებულებები, რომლითაც დავადასტურებ რა ტიპის შეხვედრა იყო" - ირაკლი ფირცხალავას მეუღლე

ე.წ. კორტების საქმეზე ბარლდებული პირების ადვოკატები და ოჯახის წევრები პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. საქმე ეხება დღეს ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქმის მოწმეზე  მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები ზეწოლას ახდენდნენ, ჩვენების შეცვლას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.

ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ადასტურებს, რომ საქმის მოწმესთან კომუნიკაცია ჰქონდა. ნინო ხვიტიას თქმით, ის კობა გოგატიშვილს, რომელიც ე.წ. კორტების საქმეზე პროკურატურის მოწმეა, 31 აგვისტოს შეხვდა. ნინო ხვიტიას თქმით, შეხვედრა სწორედ გოგატიშვილის ინიციატივით შედგა.  

„რა კომუნიკაციაც მქონდა დეტალურად, ვისაუბრებ გასაჯაროების პროცესში. მისი ნებაა, რა უნდა თქვას კობა გოგატიშვილმა, რომელიც არის მატყუარა, ცრუ მოწმე და დამნაშავე იმიტომ, რომ მისცა სრულიად დანაშაულებრივი და ტყუილი ჩვენება სასამართლოს. მან სასამართლოზე დაიფიცა და მისცა ტყუილი ჩვენება. იმის მერე კობა გოგატიშვილი რას იტყვის, მაგას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. იმიტომ, რომ მე მაქვს მტკიცებულებები, რომლითაც დავადასტურებ რა ტიპის შეხვედრა იყო ჩვენს შორის, ვისგან იყო ინიცირებული, რა იყო და როგორ იყო ყველაფერი,“ - განაცხადა ნინო ხვიტიამ.

პროკურატურაში იმყოფება ე.წ. კორტების საქმეზე ბარლედბული პირების ადვოკატიც.

„როგორც მითხრეს, უკავშირდება მოწმეზე მოსყიდვას თუ ზეწოლას, რაც შეეხება თვითონ ფაქტს, მათ არ დაუსახელებიათ, მაგრამ ჩვენ გარკვეული პერიოდიდან გამომდინარე ვიცით ეს მოწმე. ეს სავარაუდოდ არის კობა გოგატიშვილი და ისიც ვიცით, რასაც უკავშირდება. ეს არის პირიქით, რეალურად ვიღაცამ მასზე განახორციელა ზეწოლა და ის ჩვენება მივიღეთ, რაც მან სასამართლოზე მისცა და როცა ამ ადამიანმა ახლა სიმართლე განაცხადა, ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი ამით გარკვეულწილად გადაფარონ,“ - აცხადებს ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი.

ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული გიორგი ცააძის დის ირინა ცააძის თქმით, პროკურატურის მოწმე კობა გოგატიშვილი ირაკლი ფირცხალავას მეუღლეს დაუკავშირდა და პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. ცააძის თქმით, მათ აქვთ შემდგარი საუბრის დამადასტურებელი ფაქტები, რომელსაც ხვალ გაასაჯაროებენ. 

„მოვუყევით რაც მოხდა, ამის გასაჯაროება ჯერ არ გვინდოდა, მაგრამ როგორც ვატყობთ გაიგეს, გვისმენენ ისევ და დაგვასწრეს უბრალოდ. ეს ინფორმაცია გააჟღერეს წინასწარ. ერთ-ერთი მოწმე ე.წ. კორტების სპეცოპერაციის, გამოვიდა კონტაქტზე ნინოსთან და მოუყვა რაღაც რაღაცეები, რისი გასაჯაროებაც გვინდა ხვალ. ზეწოლაზე იყო საუბარი, პროკურატურა ახდენდა ზეწოლას,“ - ამბობს ირინა ცააძე.

მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს მთავარ პროკურატურაში 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობს, თუმცა მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ისინი დაკითხვაზე მხოლოდ დღეს, ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატების განცხადების შემდეგ დაიბარეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები