საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამ წუთებში ირაკლი ფირცხალავას შვილს უსვამენ შეკითხვებს, მანამდე კი გამოკითხვაზე იმყოფებოდა კორტების საქმეზე ბრალდებული მაღალჩინოსნის ადვოკატი, მისი მეუღლე კი გამოკითხვაზე ორშაბათს დაიბარეს, სადაც ის გამომძიებლის შეკითხვებს უპასუხებს. პროკურატურის განმარტებით, კორტების საქმის ერთ-ერთ მოწმის მოსყიდვის და მუქარის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ 7 თვის წინ დაიწყო.
თავად ირაკლი ფირცხალავას შვილის ნატალია ფირცხალავას თქმით, აღნიშნულ საქმესთან მას არანაირი კავშირი არ აქვს.
“დღეს დამიკავშირდა გამომძიებელი გიორგი ლომთაძე თუ სწორად მახსოვს და უბრალოდ ვიცი, რომ დაბარებული ვარ დასაკითხად, კონკრეტულ საქმეზე რომელზეც ახლა მიმდინარეობს გამოძიება, მოწმის მოსყიდვასთან დაკავშირებით, მეტი ნამდვილად არაფერი არ ვიცი. არანაირი კავშირი ამ საქმესთან არ მაქვს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით რატომ ვარ მე დაბარებული,“ - განაცხადა ნატალია ფირცხალავამ.
ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, რომელმაც უკვე დატოვა პროკურატურა, მას გაუხმაურებლობის ხელწერილი დაადებინეს, რის გამოც დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
“რასაც ველოდი ის მოხდა, ხელწერილი დამადებინეს გაუხმაურებლობაზე, სწორედ ეს იყო მოტივი ჩემი დაკითხვის, რომ რეალურად არ ვისაუბროთ სიმართლე ამ საქმეზე. შესაბამისად დაკითხვის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. გეტყვით ძალიან მარტივად, როგორც განცხადება გავრცელდა თითქოს მოწმეზე ზეწოლა მოახდინა ოჯახის წევრებმა და იბარებენ ფირცხალავას ოჯახის წევრებს, მაშინ როდესაც ის მოწმე, რომელზეც საუბარი არის ფირცხალავა საერთოდ არ ამხელდა თავის ცრუ ჩვენებაში, აქედან გამომდინარე ის აბსურდულობა რასაც ახლა ადგილი ჰქონდა, რაც ჩემი დაკითხვით შემოიფარგლა. უშუალოდ ინიციატივა ამ მოწმის მხრიდან იყო ჩემზე იმიტომ, რომ ჩემთან დარეკა ამ მოწმემ და ითხოვა შეხვედრა ოჯახის წევრებთან, შესაბამისად მე ეს დავადასტურე, რომ ამ მოწმემ ნამდვილად მე დამირეკა და ითხოვა ხვიტიას ნომერი, რის შემდეგაც, მე ხვიტიას გადავეცი ამის ნომერი და ასე მოხდა მათი დაკავშირება. შესაბამისად ეს არის ჩემი ჩვენებიდან მნიშვნელოვანი და ეს დავადასტურე," - განაცხადა ველიჯანაშვილმა.