კორტების საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლე პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და დღეს უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ნინო ხვიტია სასამართლო წესით დაკითხვას ითხოვს და ამბობს, რომ მზადაა ყველა შეკითხვაზე მხოლოდ მოსამართლის წინაშე უპასუხოს.
„მე არ მივდივარ პროკურატურაში, მოვითხოვ სასამართლოს წესით, მოსამართლის თანდასწრებით ჩემს დაკითხვას იმიტომ, რომ ვუცხადებ უნდობლობას პროკურატურას. ინფორმაციაში, რაც მე მივიღე, არის ბრალდება მამუკა ვასაძის მიმართ, მამუკა ვასაძე თავად კურირებს საგამოძიებო ნაწილს პროკურატურის, წესით მამუკა ვასაძე ახლა უნდა გადადგეს, სანამ გამოძიება არ დასრულდება.
"ჩემი მტკიცებულების წარდგენის შემდეგ ამ ჩვენებაში კიდევ რეებს დაწერენ და რას დაწერს გაგი მოსიაშვილი, ეს მე არ ვიცი. ამიტომ მოვითხოვ, თუ არის ამის შესაძლებლობა, ჩვენება გასაჯაროვდეს და შემდეგ მე წარვადგენ ჩემს მტკიცებულებას, გადავცემ სრულ ვერსიას საგამოძიებო ორგანოებს,“ - განაცხადა ნინო ხვიტიამ.
ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლის, ნინო ხვიტიას გამოკითხვა პროკურატურამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს კორტების საქმის ერთერთ მოწმეზე ფირცხალავს ოჯახის მხრიდან ადგილი ჰქონდა სავარაუდო ზეწოლის ფაქტს.
თავის მხრივ ნინო ხვიტია კი აცხადებს, რომ აღნიშნული მოწმე მას თავად დაუკავშირდა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ პროკურატურის ზეწოლის შედეგად და ფულადი კომპენსაციის დაპირებით მისცა ჩვენება, რომლის გამოც ფირცხალავა ორი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ფირცხალავას ოჯახის ინფორმაციით, ამის შესახებ სახალხო დამცველიც ინფორმირებული იყო.