საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. კორტების საქმის მთავარი მოწმე, კობა გოგატიშვილი სახალხო დამცველი ოფისში იმყოფებოდა. უჩა ნანუაშვილის თქმით, გოგატიშვილი გამოთქვამდა წუხილს, რომ მან საგამოძიებო უწყებებს საქმის გამოძიების პროცესში არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
ომბუდსმენის განცხადებით, კობა გოგატიშვილის განცხადებას და საქმის დეტალებს სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნის.
„ერთ-ერთი მთავარი მოწმე ამ საქმის, ნამდვილად იმყოფებოდა ჩვენს ოფისში. მოგვაწოდა ინფორმაცია, თვითონ გამოხატავდა წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ მან გარკვეული პერიოდის წინ არასრული და არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას. ამის გამო ის გამოთქვამდა წუხილს, რომ ამის შედეგად სხვა გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი გამოძიების დროს. მთავარ პროკურატურაში დღეს ჩვენ გავგზავნით მიმართვას ამ საქმესთან დაკავშირებით არსებულ დეტალებზე," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.