წყნეთში მოსახლეობა ხეების მოჭრას აპროტესტებს. ადგილობრივებთან ერთად, ადგილზე „პარტიზანი მებაღეების“ წევრი, ნატა ფერაძე და თბილისი მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის შტაბის წარმომადგენელი, ლაშა მესხი იმყოფებიან.
კომპანია „თბილ-სერვის ჯგუფმა“ უკვე დაახლოებით 10 ხე მოჭრა და როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, მათი უმეტესობა, ნედლი და საღი ხე იყო.
თავად სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მერიისგან ნებართვა აქვთ მიღებული და კიდევ 1500 ძირის მოჭრა აქვთ დაგეგმილი.
„პარტიზანი მებაღეები“ აცხადებენ, რომ მერიამ ნებართვა უსამართლოდ გასცა, ხოლო ადგილი ბიზნესმენებისთვის მიმზიდველია.
აქციის მონაწილეები ამ დრომდე ადგილზე რჩებიან და მერიის წარმომადგენლებს ელოდებიან, რათა უშუალოდ მოისმინონ მათგან პასუხები.