ლვოვში საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, სასტუმროში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, პოლიციის თანამშრომლები ლვოვის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა გამოიძახეს. მისი თქმით, ისინი ასრულებენ მოვალეობას და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
რაც შეეხება სასტუმროში არსებულ ვითარებას, სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე რჩებიან სასტუმროს ფოიეში. ისინი, როგორც თავად განმარტეს, მიხეილ სააკაშვილისთვის პროტოკოლის გადასაცემად მივიდნენ.
საქმე ეხება 10 სექტემბერს დაწყებულ გამოძიებას, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, მათი სასტუმროში მისვლა არაკანონიერია, რადგან როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისთვის მათ ფაქტის დაფიქსირებიდან სამ საათში უნდა ეცნობებინათ.
ლვოვის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები სასტუმროში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, დილის 07:00 საათზე მივიდნენ.
მიმდინარე პროცესებს კომიკურს უწოდებენ "ახალ ძალთა მოძრაობის” წევრები. მათი განცხადებით, საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებმა დაარღვიეს კანონი, რადგან დაგვიანებით გადაწყვიტეს მიხეილ სააკაშვილისთვის პროტოკოლის გადაცემა.