სანზონაში, მეოთხე საუნივერსიტეტო კლინიკის საპირფარეშოში, ექიმ-ანესთეზიოლოგი გარდაცვლილი იპოვეს. ყოფილ მერვე საავადმყოფოში ექიმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მიზეზი ამ დროისთვის, უცნობია.
გადაუდებელი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი ბერიაშვილის განცხადებით, ექიმ-ანესთეზიოლოგი გიორგი ანდრიაძე თანამშრომლებმა უგონო მდგომარეობაში ღამე იპოვეს. მისი თქმით, პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ ექიმებმა მისი გულის ამუშავება შეძლეს, თუმცა, რამდენიმე საათში მას გული გაუჩერდა.
გიორგი ბერიაშვილის თქმით, გარდაცვალების გამომწვევ მიზეზზე არ ფლობს ინფორმაციას. ის ასევე იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ ის ავარიაში მოხვდა. ბერიაშვილის თქმით, მან არ იცის იყენებდა თუ არა რაიმე ფსიქოტროპულ ნივთიერებას გარდაცვლილი ექიმი ავარიის შემდეგ.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის იურისტი, თინათინ ხორხელი აცხადებს, რომ გვამი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი და დასკვნამდე წინაპირობებზე და გამომწვევ მიზეზებზე ვერ ისაუბრებს.
როგორც „რუსთავი 2“-ს შსს-ში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებების დიდი ნაწილი ამ დროისთვის დასრულებულია. უწყების ცნობით, გარდაცვლილს სხეულზე რაიმე ტიპის ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.