საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს ინიციატივით მიმართავს.
დავით ოქიტაშვილი, რომელიც ასევე პროფკავშირის თავმჯდომარეობის კანდიდატია, ირაკლი პეტრიაშვილს თანამდებობიდან გადადგომას სთავაზობს. ასეთ შეთხვევაში, ოქიტაშვილი მზად არის საკუთარი კანდიდატურაც მოხსნას.
გარდა ამისა, დავით ოქიტაშვილმა საქალაქო სასამართლოს ყრილობის ჩატარების თხოვნით მიმართა. ის ასევე გეგმავს, რომ ორგანიზაციის წესდებასთან დაკავშირებით მიმართოს იუსტიციის სამინისტროსაც. მისი თქმით, წესდებაში გარკვეული უზუსტობები არსებობს.
ოქიტაშვილი სასამართლოსა და იუსტიციის სამინისტროს გარდა, პროკურატურისთვისაც აპირებს მიმართვას, რადგან მისი თქმით, იკვეთება გარკვეული დანაშაულებრივი ნიშნები.
„თუ პეტრიაშვილს არ ეშინია, მე ვთავაზობ გადადგეს პეტრიაშვილი, დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, პროკურატურა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის სამინისტრო. ის შეუსაბამობა, რაც მათ წესდებაშია, მოვიდეს კანონმდებლობაში, შეიქმნას შემდგომ საზოგადოებრივი აზრი და ყრილობა ჩატარდეს გამჭვირვალედ და არა დარღვევებით,“ - განაცხადა დავთ ოქიტაშვილმა.
თავად ირაკლი პეტრიაშვილი მზადაა მოხსნას საკუთარი კანდიდატურა, თუ გამოჩნდება თავმჯდომარეობის დამოუკიდებელი კანდიდატი და თუ თავად ოქიტაშვილი და კიდევ ერთი კანდიდატი - ზენაიშვილი,ასევე მოხსნიან თავიანთ კანდიდატურებს.
„როდესაც კი მოიხსნება ეს საფრთხეები, როდესაც პროფკავშირებს არ ეყოლება შეთხზული კანდიდატები, შეთხზული მოწმეებით, ბინძური კამპანიებით, დაშინებული პროკურატურით და სასამართლოთი, რომლითაც მე ჯერჯერობით ვერ დამაშინეს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია სურვილი, რომ ვიყო პროფკავშირების თავმჯდომარე არ მაქვს და ბუნებრივია, მიეცემა გზა იმ ადამიანებს, რომლებიც ამას იმსახურებენ,“ - განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.