06 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
რუსთავი2-ის ჟურნალისტები, რომლებიც უკრაინის სასაზღვრო პუნტზე, თითქმის, 24 საათი დააყოვნეს, დღეს დაბრუნდნენ

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის ჟურნალისტები უკრაინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, თითქმის, 24 საათის განმავლობაში ჰყავდათ გაჩერებულები. სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტის, თამარ ბაღაშვილის თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ჟურნალისტებზე ფსიქოლოგიური ზეწოლაც ხორციელდებოდა.

მისი თქმით, სამართალდამცავებს სურდათ, დაედგინათ, თუ ვინ იყო 10 სექტემბრის მოვლენების ორგანიზატორი და ამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას ჟურნალისტებისგან ცდილობდნენ.

სამართალდამცავებმა, სასაზღვრო პუნქტზეც და პოლიციაშიც, ახსნა-განმარტების დაწერის გარდა, ჟურნალისტებს ასევე, გარკვეულწილად, შეთავაზეს, რომ, ნივთების დაბრუნების სანაცვლოდ, ის ვიდეომასალა გადაეცათ, რომელიც პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე რუსთავი2-ის ჟურნალისტებმა გადაიღეს. თუმცა, მათ ამ კადრების მიღება ოფიციალური მოთხოვნის გარეშე არ შეუძლიათ.

ჟურნალისტების ნივთები მოსტისკის პოლიციაში იყო გადატანილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ავტობუსში იყო. ამ ნივთების დასაბრუნებლად მისულ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მხოლოდ ერთ გამომძიებელს ჰქონდა იმ ოთახის გასაღები, სადაც ნივთები ინახებოდა. გამომძიებელი კი სამართალდამცავების თათბირზე ლვოვში იმყოფებოდა. ამის შემდეგ გაირკვა, რომ სამართალდამცავებს ნივთმრკიცებულებად ჰქონდათ ამოღებული ეს ნივთები.

შეგინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე პროტოკოლი გამოუწერეს რუსთავი2-ის ჟურნალისტებს. ამ პროტოკოლით სასაზღვრო პუნქტის თანამშრომლები მოსტისკის სასამართლოს მიმართავენ, რათა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიიღოს გადაწყვეტილება, რაც სანქციას ან 15-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.

სასამართლო პროცესები 3 თვის ვადაში უნდა გაიმართოს. გამორიცხული არ არის, რომ ჟურნალისტებს უკრაინაში შეცვლაც აეკრძალოთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. 

დღის ამბები