ლიბიაში დაკავებული ქართველ მეზღვაურებს, საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ნავთობის არალეგალურად ტრანსპორტირებას ედავებიან. ტანძანიის დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის 11 წევრი, მათ შორის 3 ქართველი 30 აგვისტოს დააკავეს.
დაკავებულები არიან გემის კაპიტანი გენადი კომახიძე, ასევე ნუკრი ხოხბა და რომან კაკალაძე. ისინი ორი კვირაა, ლიბიაში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
„ბრალი ედებათ საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და ნავთობით უკანონო ვაჭრობაში. ჯერჯერობით, ოფიციალური ინფორმაცია ლიბიის მხრიდან ჩვენ არ მიგვიღია, თუმცა ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რომ ინფორმაცია მივიღოთ მაქსიმალურად,“ - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სამსახურის იურისტმა ივანე აბაშიძემ.
იურისტის თქმით, ლიბიაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ინფორმაციის ოფიციალური არხებით დაზუსტება, გარკვეულ დროს მოითხოვს.
„თუმცა, არაოფიციალური არხებით, რა ინფორმაციაც გვაქვს, ეს არის, რომ მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ ემუქრება. გადაყვანილები არიან წინასწარი დაკავების იზოლატორში,“ - აცხადებს ივანე აბაშიძე.
ოფიციალური შეტყობინება უკვე მიიღო საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დაკავებულები ოჯახის წევრებსაც დაუკავშირდნენ. არცერთი დაკავებულის ოჯახის წევრი მედიასთან კონტაქტზე არ გასულა.