18 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
"მე ბრძოლას არ ვაჩერებ, ვიბრძოლებ ბოლომდე" - დავით ოქიტაშვილი

დავით ოქიტაშვილი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილის არჩევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ იყო, რადგან პეტრიაშვილს საკანონმდებლო ბაზა თავის თავზე აქვს მორგებული.

“მე ვთქვი თავში, რომ ირაკლი პეტრიაშვილი ამ ბრძოლას მოიგებდა, იმიტომ, რომ საკანონმდებლო ბაზა, რაც არის პროფკავშირების, არის მასზე მორგებული. თქვენ ნახეთ, აქ არის მისი მთელი სანათესაო, მეუღლე, სიძე, ბიძაშვილები, მამიდაშვილები. მე ბრძოლას არ ვაჩერებ, მე ვიბრძოლებ ბოლომდე და აი ამ კომედიაში, ცირკში მონაწილეობის მიღება ნამდვილად არ მინდოდა, იმიტომ, რომ მე პეტრიაშვილს ჩამოვხადე ნიღაბი და დაე საზოგადოებამ და პროფკავშირის წევრებმა დანარჩენი განსაზღვრონ“ - აღნიშნა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეობის ყოფილმა კანდიდატმა დავით ოქიტაშვილმა. 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეობის კიდევ ერთი ყოფილი კანდიდატი ამირან ზენაიშვილი აცხადებს, რომ დეზინფორმაციამ დელეგატების გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა მოახდინა.

“თუ კი ამ არჩევანით დელეგატები ფიქრობენ, რომ ეს დღე იქნება უკეთესი, მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას. თუმცა, არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ ის ბინძური კამპანია, რაც მიმდინარეობდა, დეზინფორმაციების სახით, მე ვფიქრობ, რომ გარკვეული ზეგავლენა დელეგატებზე, ამ დეზინფორმაციამ იმოქმედა,“ - განაცხადა ზენაიშვილმა.

ცოტა ხნის წინ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილი ამჯერად უკვე 4-ე ვადით აირჩიეს. პეტრიაშვილმა 139, ხოლო ზენაიშვილმა 62 ხმა მიიღო. თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას რამდენიმე საათით ადრე კი, კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი საკუთარი ნებით გამოეთიშა.

დღის ამბები