ადვოკატ ვალერი გელბახიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის მტკიცებით, ერთ-ერთი საქმის მოწმეებზე პროკურატურა ზეწოლას ახორციელებს, თავად მას კი დაჭერით ემუქრებიან, შოთაძის უწყებამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო.
ამის შესახებ ცოტა ხნის წინ პროკურატურაში განაცხადეს.
საქმეში ბრალდებული ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომელია, რომელსაც გამოძიება მკვლელობის მცდელობას ედავება. ვალერი გელბახიანი მოითხოვს, რომ ფაქტზე დროული გამოძიება დაიწყოს.
„ადვოკატ ვალერი გელბახიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც იგი მიუთითებდა პროკურატურის თანამშრომლის მხრიდან მასზე და ბრალდების მოწმეზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურეობრივი შემოწმება და ადვოკატი ვალერი გელბახიანი მთავარ პროკურატურაში დაბარებულია გამოკითხვაზე,“ - აცხადებენ პროკურატურაში.