18 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პროცენტიან სესხებს გასცემს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ნიკოლოზ ლატარიას ფინანსური მდგომარეობა საგამოძიებო ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც ირკვევა, 4 წლის განმავლობაში საკრებულოს მაღალჩინოსანს ხელფასთან ერთად, ყოველთვიურად ათასობით ლარის დანამატი აქვს მიღებული.

ლატარიას ოფიციალური ანაზღაურება 2 150 ლარი აქვს, თუმცა ამდენივეს იღებს ის ყოველ თვე დანამატის სახით. ანუ მისი შემოსავალი საკრებულოდან ყოველთვე 4 300 ლარია. დანამატს ლატარია ყოველ თვე 4 წლის განმავლობაში იღებს. საბოლოო ჯამში, ამ პერიოდში მმართველი გუნდის წევრს 206 400 ლარი აქვს აღებული.

ნიკოლოზ ლატარიას შემოსავლებთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი. მმართველი გუნდის წევრი, რომელიც ქუთაისის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, მის ცოლთან ერთად პროცენტიან სესხებს გასცემს. 2016 წელს მათ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გაასესხეს და მოგების სახით 167 ათასი ლარი მიიღეს.

ეს მხოლოდ ნაწილია იმ ინფორმაციისა, რაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ქონებრივ დეკლარაციაში იკითხება. ასევე ირკვევა, რომ ნიკოლოზ ლატარია, რომელიც აცხადებს, რომ ანაზღაურებას მთლიანად ქველმოქმედებაში ხარჯავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში 12 ათას ლარზე მეტი მოგზაურობაში დახარჯა, 8 ათასზე მეტი სამკაულებში გადაიხადა. თითქმის 3 ათასი ლარით კი, საოჯახო ნივთები იყიდა.

დღის ამბები