ბორჯომში გადამწვარი ტყე ადგილობრივი ჩინოვნიკებისთვის შემოსავლის წყაროდ იქცა. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ პირველი, ვინც გაწეული სამუშაოსთვის პრემიას იღებს, ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანია.
მაშინ, როდესაც ასობით მეხანძრე მაშველი, რომელიც საკუთარ მოვალეობას ასრულებდა, მიუვალ ადგილებში ცეცხლს უმკვლავდებოდა, პრემია ჯერ არ მიუღიათ. მათ მხოლოდ მადლობა უთხრეს, თუმცა 24 საათიანი შრომის და სამსახურში გატარებული დასვენების დღეებისთვის ფინანსურ წახალისებას ამ დრომდე ელოდებიან.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა კი საკუთარი თავი, მოადგილეები და რამდენიმე თანამშრომელი დააჯილდოვა. 7 სექტემბერს გაცემული ამ განკარგულების შემდეგ კი, დიმიტრი ყიფიანი შვებულებაში გავიდა. გამგებლის მოადგილე კი ფიქრობს, რომ მისი ხელმძღვანელი სწორად მოიქცა და პრემიები უნდა დაერიგებინა. ანზორ სვანიძე პრობლემას ვერც იმაში ხედავს, რომ ფინანსური წახალისება ჯერ მხოლოდ მან და მისმა თანამშრომლებმა მიიღეს.
მეხანძრეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან, ხელფასს მათ მინისტრ მღებრიშვილის უწყება უხდის. მას შემდეგ, რაც ბოლო ერთი კვირაა სოციალურ ქსელში ბორჯომის გამგებელს დარიგებული პრემიების შესახებ აკრიტიკებენ, სამინისტრომ განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ მეხანძრეები პრემიებს ერთი კვირის განმავლობაში მიიღებენ.