ორიათასზე მეტ საჯარო სკოლაში დღეს სწავლა დაიწყო. უკვე დაირეკა პირველი ზარიც. სწავლის დაწყება მოსწავლეებს განათლების მინისტრმა მიულოცა. ალექსანდრე ჯეჯელავა 143-ე სკოლაში იმყოფებოდა.
ვიცე პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით სკოლებში პირველკლასელთა რაოდენობა გაიზარდა. მისივე თქმით, საჯარო სკოლები ახალ სასწავლო წელს ბევრი მნიშვნელოვანი სიახლით შეხვდა. ჯეჯელევას განცხადებით, სამასზე მეტ სკოლაში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა და ასევე გაიხსნა 6 ახალი სკოლა.
განათლების მინისტრმა იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც სკოლის ბუფეტებში კვების კონტროლს და მოსწავლეებისთვის შესვენებებზე ვაშლის დარიგებას ეხება.
„300-ზე მეტი სკოლა მოსწავლეებს დახვდება გალამაზებული, მოწესრიგებული და დასუფთავებული. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ 6 ახალი სკოლა დახვდება მოწაფეებს. დახვდებათ გაუმჯობესებული ბუფეტი ჩემო ბატონო, სადაც აღარ იქნება შაქრიანი და მარილიანი პროდუქტები, დახვდებათ სპორტული აქტივობა თვისობრივად უფრო შეცვლილი და გაუმჯობესებული, გადამზადებული მანდატურები. კონკრეტულად ვაშლები ამ შემოდგომის და ზამთრის ამბავია, მაგრამ შემდეგ პერიოდებშიც იქნება ასეთ აქტივობები, რომელიც იქნება გამიზნული ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
სკოლის დირექტორები ამბობენ, რომ 2017 წელს სკოლები განახლებული პროგრამებით და პროექტებით ხვდებიან. მათი განცხადებით, ასევე დაგეგმილია პარტნიორული ურთიერთობები სხვადასხვა ორგანიზაციებთან.