18 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
შესაძლოა, დავით ოქიტაშვილს ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინონ

პროფკავშირების ხმაურიანი არჩევნებიდან მეორე დღეს, ყრილობის დღის წესრიგში დავით ოქიტაშვილის საკითხი, შესაძლოა ისევ დადგეს. კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე, ოქიტაშვილმა თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ დღეს მას ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის პოსტიც დაატოვებინონ.

განცხადება ამის შესახებ, პროფკავშირის მეოთხე ვადით არჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა გააკეთა. 

”რაც ჩაიდინა დანაშაული ოქიტაშვილმა ქართული პროფკავშირული ოჯახის წინაშე, ბუნებრივია იწვევეს მათ აგრესიას და მისი გვერდში ყოფნა, მასთან ერთად მუშაობის დაგეგმვა და აგენტის მეშვეობით მშრომელთა უფლებებზე ზრუნვა, ამ ხალხისთვის არის მიუღებელი. შეიძლება და უფრო მეტიც, თუ ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირი არ გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას, მაგ შემთხვევაში ბუნებრივია, გამგეობა, რომელიც დარგობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან კომპლექტდება, ასევე შესაბამის პასუხს გასცემს და ეს ნიშნავს იმას და გაჩდება იმის ეჭვი, რომ მთლიანად დარგი არის გავლენის ქვეშ“ - განაცხადა პეტრიაშვილმა.

საქართველოს სატრანსპორტო პროფკავშირის პრეზიდენტის ლავრენტი ალანიას თქმით, ოქიტაშვილის გადადგომის საკითხი უნდა გადაწყვიტოს მისმა ორგანიზაციამ ანუ ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირმა.

 “არა პეტრიაშვილის მიმართ შეურაცხყოფა, ეს იყო გაერთიანების, გაერთიანებაში შემავალი დარგების მიმართ იყო შეურაცხყოფა. ადამიანები, რომლებიც ჩირქს ცხებენ იმ ორგანიზაციას, სადაც არიან დასაქმებულები, ასეთი ადამიანების ადგილი არ არის პროფკავშირში,“ - აღნიშნა ალანიამ.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მაია კობახიძის თქმით, პროცედურა წესების დაცვით უნდა ჩატარდეს, რათა ეს არ დაემსგავსოს შურისძიებას.

“გამგეობის გადაწყვეტილებას წინ უნდა უსწრებდეს თავად ხელოვნების მუშაკთა, პროფკავშირის უმაღლესი კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილება და ამავე დროს უნდა იყოს მათი წესდების მოთხოვნების შესაბამისად, რათა ეს არ დაემსგავსოს შურისძიებას,“ - განაცხადა კობახიძემ.

 

დღის ამბები