თუშეთში ხანძარს ისევ ებრძვიან - ხახაბოს ტყეში ხანძარსაწინაამდეგო ტექნიკა და ცოცხალი ძალაა მობილიზებული. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ცეცხლის ქრობის სამუშაოები ღამის განმავლობაშიც არ შეწყვეტილა.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მოხერხდა ხანძრის გავრცელების მასშტაბების შემცირება. ღია ცეცხლი კი, მხოლოდ ხანძრის გავრცელების არეალის შუა გულში შეიმჩნევა. ნაპირებზე მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი ალყაში მოაქციეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპისთვის არ არსებობს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის არც ავიაციის გამოყენების საჭიროებაა.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ხანძრის გავრცელების არეალი ამ ეტაპზე დიდი არ არის. ის ვარაუდობს, რომ ხანძარი მოსახლეობის დაუდევრობით გაჩნდა და მათ მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
„ვითარება საგანგაშო ნამდვილად არ არის იმ გაგებით, რომ საავტომობილო მიმოსვლა შესაძლებელია იმ ადგილზე. უკვე იქ ადგილზე თუშეთში მყოფი სახანძრო მანქანა მუშაობს," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
ტყეში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა.