პოლიტკოვსკაის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას შრომის ინსპექცია სწავლობს. წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე დარღვეული იყო უსაფრთხოების ნორმები.
„ერთი შეხედვით იკვეთება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, თუმცა ეს არის პირველადი შეფასება. თვითონ აფეთქებული არის ბალონი. თუ რა არის ამ ბალონში, შეიძლება იყოს სხვადასხვა ვერსია, ამაზე ჩართული არის ექსპერტია და ექსპერტიზის შედეგად უნდა დადგინდეს რა იყო, "- განაცხადა შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ბექა ფერაძემ.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრული არ არის ტერიტორიაზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილთან ახლოს საბავშვო სკვერიც მდებარეობს.
კიბერნეტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებით, ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩება ფეთქებადი ნივთიერებები.
შეგახსენებთ, რომ თბილისში გუშინ კიბერნეტიკის ინსტიტუტში ჟანგბადის ავზების აფეთქების შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, რომელსაც ეს ავზები ლიფტით გადაჰქონდა.