2015 წლის ივნისში ბათუმის ნავთობტერმინალიდან რუსულმა ტანკერმა 20 000 ტონა კონტრაბანდული მაზუთი გაიტანა, რომლის საბაზრო ღირებულება 7-დან 8 მილიონ დოლარამდე იყო. ამის შესახებ „პოსტსკრიპტუმთან“ ანონიმური წყარო ყვება.
მიუხედავად ამისა, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, რუსული ხომალდი „ზოლოტოი მოსტ“ ტერმინალში რამდენიმე დღეს გაჩერდა და შედეგად, იქიდან ცარიელი გამოვიდა. ამ ფაქტს საბაჟო დეპარტამენტის ჩანაწერები ადასტურებს.
კითხვის ნიშნებს ამ ქმედებაში ერთი საკითხი იწვევს. პორტში, ტერმინალზე გემის დადგომისთანავე, ის ყოველ საათში კონკრეტულ თანხას იხდის, ხოლო „ზოლოტოი მოსტი“ ადგილზე 60 საათის განმავლობაში იდგა და ოფიციალური მონაცემებით, ტერმინალი ცარიელმა დატოვა.
ეკონომიკის სამინისტროში ე.წ. შავი ხვრელების არსებობას უარყოფენ, თუმცა ანონიმური წყაროს მტკიცებით, ქვეყანაში მსგავსი მაქინაციები, გავლენიანი პირების მფარველობით, სისტემატურად ხორციელდება. ირკვევა, რომ ტვირთი, რომელიც გემმა გაიტანა, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ნავთობგადამზიდავს მოპარეს. კომპანიები, რომელთა სახელები ამ საქმეში ჩნდება, საფრანგეთსა და შვეიცარიაში არიან დარეგისტრირებულები და აცხადებენ, რომ ამ საკითხებთან კავშირი არ აქვთ.
ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.