თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მარიკა დათუკიშვილმა „ქართუ ბანკთან“ მომხდარი ინციდენტის შესახებ სამართალდამცველებს ჩვენება მისცა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს ფიზიკურად საჯაროდ და პოლიციის თანდასწრებით გაუსწორდნენ. იმის მიუხედავად, რომ ადგილზე თავად „ქართუ ბანკის“ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ და სამართალდამცველებიც.
თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ინფორმაციით, პირი, რომელიც დათუკიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა ამჟამად „ქართუს“ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია.
მარინა დათუკიშვილმა სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია.
„მე აღვწერე ის გარემოება, რაც გუშინ მოხდა, რასაც მოჰყვა ჩემი ფიზიკური შეურაცხყოფა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მსვლელობის დროს. მე მივაწოდე გამოძიებას ინფორმაცია რომ ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანი გახლავთ არაოფიციალურად სუს-ის თანამშრომელი. არის თუ არა იდენტიფიცირებული, არ მიპასუხეს. მარგამ მე მოვახდინე ამ ადამიანის იდენტიფიცირება ჩემი მეგობრების დახმარებით და მე ვიცი, რომ ეს ადამიანი გახლავთ ბესო ცეცხლაძე, რომელიც ოფიციალურად „ქართუ ჯგუფების“ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია,“ - ამბობს მარინა დათუკიშვილი.
მარინა დათუკიშვილის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით აღძრა და ბრალის დადგენის შემთხვევაში, „ქართუ ჯგუფის“ უსაფრთხოების თანამშრომელს ერთიდან 3-წლამდე პატიმრობა ემუქრება.