აფხაზეთის ომის შემზარავი კადრების ავტორის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ომის ცნობილი კადრები ერთი ოპერატორის, ჯანო ინაძის მიერაა გადაღებული. ჯანო ინაძის სახელს უკავშირდება აფხაზეთის ომის ამსახველი მნიშვნელოვანი არქივი. მათ შორის სამხედროს დახვრეტისა და ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოგდების კადრები.
ჯანო ინაძის მამას, 89 წლის შოთა ინაძეს შვილის გარდაცვალების შემდეგ უკიდურეს გაჭირვებაში უწევს ცხოვრება, ოთხ შვილიშვილთან, რძალთან და ალცჰეიმერით დაავადებულ რძლის დედასთან ერთად. ოჯახს იმდენად უჭირს, რომ ხანდახან საჭმლის ფულიც კი არ რჩებათ. ორ-ოთახიან სარდაფში ნესტისგან დალაქავდა და გაიჟღინთა კედლები, ნესტმა დაშალა ავეჯი და ნივთები.
თუმცა, ოჯახს ყველაზე მეტად გული იმაზე სწყდება, რომ ომის კადრებს არ აწერია, რომ ის ჯანო ინაძეს მიერ გადაღებული კადრებია.
აფხაზეთის ომის მემატიანეს ტელესივრცეში ყველა იცნობს. იცნობენ როგორც ისტორიულ ტელეოპერატორს, ენთუზიასტს, მასწავლებელს, ადამიანს რომელმაც ომის ლაბირინთებში დაუსრულებლად იარა და მწარე რეალობა კადრებით ასახა.
ავტორი: ანანო ბაკურაძე.