18 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
თბილისის მერია 206-ე ბაღის დირექტორისა და აღმზრდელებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

ფონიჭალაში მდებარე 206-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მომხდარ ფაქტს ეხმაურება დედაქალაქის მერია. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, დედაქალაქის მერია წუხილს გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს მიმართავს, რათა შეუჩეროს უფლებამოსილება ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ამ კონკრეტული შემთხვევისას უშუალოდ ახორციელებდნენ ზედამხედველობას სასწავლო პროცესზე.

"მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ძალისხმევას არ იშურებს ქალაქის მასშტაბით არსებულ ბაღებში უსაფრთხო გარემოსა და სივრცის შესაქმნელად, მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაც ყოვლად გაუმართლებელია.

"ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და აღსაზრდელი ინგოროყვას კლინიკაში საჭირო სამედიცინო პროცედურებს გადის. 

"თბილისის მერია გმობს მომხდარს და მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. ამასთანავე, თბილისის მერი ავალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ამ კონკრეტული შემთხვევისას უშუალოდ ახორციელებდნენ ზედამხედველობას სასწავლო პროცესზე.

"მოვუწოდებთ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, თავი შეიკავონ არაეთიკური განცხადებებისგან.   

"აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან," - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თბილისში, საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი რამდენიმე საათის წინ გადმოვარდა. ის ამჯერად კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სპეციალისტების ინფორმაციით, აღსაზრდელის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. 

დღის ამბები