ფონიჭალაში, 206-ე ბაღში მომხდარი უბედური შემთხვევის საქმეზე სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს. ბაღის შენობის მეორე სართულიდან დღეს 3 წლის გოგონა ბაღის მეორე სართულიდან გადავარდა. ამ დროს, ჯგუფის დანარჩენ ბავშვებთან ერთად, ორი აღმზრდელი, სავარაუდოდ, გვერდით ოთახში იმყოფებოდა.
გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ექიმებმა გადაიყვანეს. მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
რატომ და როგორ აღმოჩნდა ბავშვი ფანჯარასთან უმეთვალყურეოდ, აღმზრდელები კამერებთან არ საუბრობენ, თუმცა, განცხადებები გააკეთა ბაღის დირექტორმა, რომელიც რატომღაც აღნიშნავს, რომ ბავშვი ინკლუზიურია.
რატომ უსვამს ხაზს ამ საკითხს დირექტორი და რის საფუძველზე გამოაქვს ეს დასკვნა, უცნობია.
დირექტორ მარინა გოგოლაძის განცხადებით, იმის გამო, რომ ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, მსგავსის გაკეთების მცდელობა მას ადრეც ჰქონდა. ამ ინფორმაციას დაშავებულის მშობლები უარყოფენ. ამასთან ერთად, უცნობია, თუ რატომ ითხოვდა დირექტორი ბავშვის სხვა ბაღში გადაყვანას იმის გამო, რომ ეჭვი ჰქონდა, რომ ის შშმ პირია.
საბავშვო ბაღში ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, გამოკითხეს თანამშრომლები და მეორე სართულზე მდებარე საძინებელი დალუქეს.
ბაღის თანამშრომლები, მათ შორის დირექტორი აცხადებენ, რომ ბავშვი უმეთვალყურეოდ არ ყოფილა, თუმცა სხვა ვერსიას ყვებიან მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლები. მათი თქმით, მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი აღმზრდელებმა მხოლოდ მას შემდეგ შეამჩნიეს, რაც ამის შესახებ მათ შემთხვევითმა გამვლელმა შეატყობინა.
ბაღში ამ დროისთვის ექთნის კაბინეტი არ ფუნქციონირებს. მის ადგილას დროებით 24-ე საარჩევნო უბანია გახსნილი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.