ქვემო ფონიჭალის პოლიციის განყოფილებაში გვიან ღამემდე დაკითხვაზე იმყოფებოდნენ 206-ე საბავშვო ბაღის დირექტორი და ორი აღმზრდელი, რომელებიც მომხდარი ინციდენტის გამო თანამდებობიდან უკვე გაათავისუფლეს.
3 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. ბავშვი რომელიც საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადავარდა, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ექიმების ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა დაზიანებები საკმაოდ სერიოზულია - პატარას ფილტვი აქვს დაჟეჟილი, გატეხილია სახის ძვალი და აღენიშნება ტვინის შერყევაც. მიმდინარეობს გამოძიება.
“გამოხატული იყო ფილტვის დაჟეჟილობა, მარცხენა პლევრის ღრუში იყო ჰაერი და სისხლი. მოხდა დრენირება, ჩაიდგა დრენაჟი, რის ფონზეც მდგომარეობა გაუმჯობესდა. კონტაქტი ჯერჯერობით ისეთი აქტიური ვერ მყარდება. სტაბილურად მძიმე რჩება, საკმაოდ ცოტა დროა გასული, რომ შევაფასოთ საფრთხეები, თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს,“ - განაცხადა პედიატრიული რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ იმერლიშვილმა.