18 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
ჯგუფში 40 ბავშვამდეა, აღმზრდელი კი ორი - მშობლები 206-ე ბაღში არსებულ ვითარებაზე

206-ე საბავშვო ბაღის თანამშრომლები ამ დრომდე პოლიციის შენობაში იმყოფებიან. გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, პერსონალის დაკითხვა დღეს დილიდან განახლდა. გამომძიებლებს სავარაუდოდ აინტერესებთ დეტალები თუ რა ვითარებაში იმყოფებოდა მცირეწლოვანი და იყვნენ თუ არა მასთან აღმზრდელები, როდესაც მეორე სართულიდან გადავარდა.

საჯარო ბაღებში ჯგუფების გადატვირთულობაზე საუბრობენ მშობლები.

მათი ინფორმაციით, ერთ ჯგუფში დაახლოებით 40 ბავშვამდე ირიცხება და 40 ბავშვს მხოლოდ ორი აღმზრდელი უვლის.

206-ე საჯარო ბაღში დღეს დილიდან იმყოფებიან ბაღების სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც აკვირდებიან სააღმზრდელო პროცესს.

მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბაგა ბაღის ერთ ჯგუფში დადგენილი სტანდარტით 23-დან 30 ბავშვამდე უნდა იმყოფებოდეს, თუმცა ბავშვთა რაოდენობის ზრდას სათათბირო ორგანო წყვეტს, რომელიც ბაღის მასწავლებლებისა და მშობლებისგან შედგება.

„გუშინ მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, დირექტორი გათავისუფლებულია თანამდებობიდან და ჩვენი სამსახურის თანამშრომლები მოვედით, რომ დავეხმაროთ პროცესის სწორად წარმართვაში. ბაგაში სტანდარტით უნდა იყოს 25, 30 ბავშვი და შემდეგ სათათბირო ორგანო წყვეტს აქვს თუ არა შესაძლებლობა, დაემატოს ბავშვთა რაოდენობა. ეს არის სათათბირო ორგანოს გადაწვეტილება, რომლის წევრებიც არიან როგორც მშობლები, ასევე ბაგის თანამშრომლები,“ - განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომელმა თინათინ თოიძემ.

დღის ამბები