ეპიდემია ბოლნისის საბავშვო ბაღებში - 12 დაწესებულება მეოთხე დღეა, დახურულია. მოსახლეობა ყვება, რომ ბავშვები კლინიკაში ერთნაირი სიმპტომებით მაღალი სიცხით, დიარეითა და პირღებინებით შეიყვანეს.
ბოლნისის 12 საბავშვო ბაღში საგანგებო ზომებია მიღებული. სპეციალისტები ადგენენ, თუ რა გახდა ბავშვების მასობრივად მოწამვლის მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით, ნაწლავური ინფექცია გამოვლინდა. არ არის გამორიცხული, დაავადების გავრცელების ერთ-ერთი წყარო დაბინძურებული საკვები იყოს.
ბოლნისის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი სკოლამდელ დაწესებულებებში უხარისხო პროდუქტების არსებობას კატეგორიულად უარყოფს.
ბოლნისის რაიონში საბავშვო ბაღებს რამდენიმე ორგანიზაცია ამარაგებს. სურსათის უვნებლობის სამსახურმა მომხდარის შემდეგ შესწავლა დაიწყო.