18 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
ფეხსაცმლით სცემეს და 13 წლის შვილით დაემუქრნენ - ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული სერგო მამასახლისის ოჯახი პოლიციელებს ზეწოლაში ადანაშაულებს 

ბრალდებულის თავზე ჩამოცმული პარკი და დახრჩობის მცდელობა აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად -  ყაჩაღობაში ბრალდებული სერგო მამასახლისის ოჯახი სამართალდამცველებს დაკავებულის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

ბრალდებული სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან საუბრისას ჰყვება, რომ მისი დაკითხვა ფიზიკური ზეწოლით მიმდინარეობდა და აღიარებითი ჩვენებაზე ხელი მას ცემის შედეგად მოაწერინეს. როგორც ის განმარტავს, მას პოლიციელები ფეხსაცმლით სცემდნენ.

დაკავებულის დაკითხვა პოლიცის განყოფილებაში 5 დღის წინ განხორციელდა. გარდა ამისა ბრალდებული ამბობს, რომ მას სამართალდამცველები შვილით დაემუქრნენ და უთხრეს, რომ თუ აღიარებით ჩვენებას არ დაწერდა მის 13 წლის შვილს ზიანს მიაყენებდნენ.

სერგო მამასახლისის ოჯახის წევრები მომხდარის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავენ.

ოჯახი დარწმუნებულია, რომ დანაშაული, რომელიც სერგო მამასახლისს აღიარებინეს, მას არ ჩაუდენია და არც დაზიანებები მიუღია წაქცევისას.

„მე თვითონ ვიყავი სასამართლოზე და ჩემს ძმას რომ შევხედე შოკში ჩავვარდი ისეთი მდგომარეობა აქვს. რა გამოძიება და რა ექსპერტიზა უნდა დასჭირდეს, რომ შეხედავთ თავად მიხვდებით როგორი მდგომარეობა აქვს. თუ დამნაშავეა სამართლიანად უნდა დაისაჯოს, მაგრამ ის დამნაშავე არ არის.

"დღესდღეობით თუ ამ მთავრობაში ასეთი ძალადობა იქნებოდა, ხალხს მოვუწოდებთ, შეიძლება დღეს ჩემი ძმა ჩავარდა ამ მდგომარეობაში, მაგრამ ხვალ შესაძლოა მათი მამები, მათი ძმები, მათი შვილები ჩავარდნენ ამ მდგომარეობაში თუ ყველამ ხმა არ ამოიღო. ეს წამება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს,“-განაცხადა ბრალდებულის დამ, ლალი მამასახლისმა.

პროკურატურას პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიებას სთხოვს სახალხო დამცველიც თუმცა უცნობია დაიწყო თუ არა პროკურატურამ გამოძიება.

დღის ამბები