ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული სერგო მამასახლისის უფლებადამცველები, დაკავებულის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტები, რომლებიც მამასახლისს იცავენ ამბობენ, რომ მათ დაცვის ქვეშ მყოფს აღენიშნება დაზიანებები სახეზე და სხეულზე.
უფლებადამცველებმა მამასახლისი სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში მოინახულეს და მათი ინფორმაციით, მამასახლისი დეტალურად ჰყვება იმ ზეწოლაზე, რომელიც მასზე დანაშაულის აღიარების მოთხოვნის გამო განხორციელდა.
„აბრალებდნენ მას ყაჩაღობას ჯგუფურად, რომ მას თითქოს იმ დღეს შუაღამისას მომხდარი ყაჩაღობის ფაქტის მონაწილე და ერთ-ერთი აღმსრულებელი იყო. ეს ადამიანი არ ადასტურებდა ამას იმიტომ, რომ იმ ტერიტორიაზეც კი არ იმყოფებოდა სადაც ეს ფაქტი მოხდა. დაიწყეს უკვე მისი ცემა, საშინელი მეთოდით, მითხრა რომ იგი დააგდეს პირქვე დივანზე. ისეთ ოთახში შეიყვანეს სადაც სათვალთვალო კამერები არ იყო. სცემდნენ მას უმოწყალოდ, განსაკუთრებით თავის არეში ურტყამდნენ,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა ეკა ლომიძემ.
”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, მიყენებული დაზიანებები არის თვალსაჩინო და ძალიან მძიმე.
„იმდენად მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული მოქალაქეს, რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ცემას და წამებას, რასაც ჩვენ მოგვითხრობს თვითონ დაკავებული,“-აცხადებს ცქიტიშვილი.