მარტოხელა პედაგოგი ვენახის გარეშე დარჩა. ლეილა ჯავახიშვილს შემოსავალის ერთადერთი წყარო მას შემდეგ გაუნადგურეს, რაც ვენახის გაყიდვაზე უარი თქვა. ჯავახიშვილის თქმით, ტერიტორიის გაყიდვას მას ნათესავი პოლიციელი, ვაჟა ჯავახიშვილი სთავაზობდა, უარის შემდეგ ჯერ ღობე მოუნგრიეს, შემდეგ კი ვენახის ნაწილი გაუჩეხეს.
ლეილა ჯავახიშვილი ამბობს, რომ ვენახის განადგურების ფაქტზე თანასოფლელ გიორგი ჩაჩანიძეს მიუსწრო. მისი თქმით, ბრალდებული ჩაჩანიძე იმ პოლიციელის ნათესავია, რომელმაც მიწის გაყიდვა შესთავაზა.
მსგავსი პრობლემა ზემო ხოდაშენის მცხოვრებ კიდევ ერთ მარტოხელა, 86 წლის ეთერ აფხაზიშვილს შეექმნა. მისი ვენახიც გაქურდეს და გაანადგურეს. ორივე ვენახის ქურდობისთვის პოლიციამ ერთი და იგივე პირი, გიორგი ჩაჩანიძე დააკავა.
გიორგი ჩაჩანიძე სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ლეილა ჯავახიშვილის ვენახის ქურდობის ეპიზოდზე ის ჯერ თელავის საქალაქო სასამართლომ, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლომ გაამართლა, ეთერ აფხაზიშვილის ვენახის ქურდობისთვის კი, მას 3 წლიანი პირობითი მისცეს.
პოლიციელმა ვაჟა ჯავახიშვილმა „კურიერთან“ ინტერვიუს დროს ლეილა ჯავახიშვილის მიწის არაბებზე გაყიდვის შეთავაზების ფაქტი უარყო. მისი განცხადებითვე, ლეილა ჯავახიშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.