06 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
უკრაინის პრემიერი სამხედრო ნაწილში გაჩენილ ხანძარზე პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს

უკრაინის პრემიერმინისტრი კალინოვკის სამხედრო ნაწილში გაჩენილ ხანძარზე პასუხისმგებლობას ოფიციალურ მოსკოვს აკისრებს. განცხადება ამის შესახებ ვლადიმირ გროისმანმა მთავრობის საგანგებო სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, საბრძოლო მასალების საწყობში გაჩენილი ხანძარი რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და მებრძოლების დივერსიას წარმოადგენს.

"ჩვენ მტერი დაგვესხა თავს - რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები და მისი მებრძოლები. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ დაგვასუსტონ, შექმნან ისეთი გამოწვევები, რომლებიც ჩვენს განადგურებას ისახავს მიზნად. მინდა ყველამ გაიგოს, როგორი გამოწვევების წინაშეც არ უნდა დავდგეთ, ჩვენ პანიკაში არ ჩავვარდებით. ყველა სიტუაციაში შევძლებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. არავის აქვს უფლება ჩვენს ქვეყანას ზიანი მიაყენოს," - განაცხადა გროისმანმა. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ. უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო 10 საათის განმავლობაში მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ ისმის აფეთქებების ხმა.

ცეცხლი თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ობიექტზე 2 დღის წინ გაჩნდა. დაშავდა 2 ადამიანი. საწყობში 188 ტონა საბრძოლო მასალა ინახებოდა, მათ შორის სმერჩის, ურაგანისა და გრადის სისტემებიც.

დღის ამბები