კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან გვიან ღამემდე საფინანსო კომპანია საქართველოს მიერ დაზარალებულების აქცია მიმდინარეობდა. დაშლის გადაწყვეტილება მეანაბრეებმა დღის ბოლოს მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილზე საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე მივიდა.
თედო კობახიძემ დაზარალებულებს მოუსმინა და დღეისთვის საკრებულოში შეხვედრას დაპირდა.
თავდაპირველად შეკრებილები "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატთან აუდიენციას ითხოვდნენ, თუმცა კახა კალაძე დაზარალებულ მეანაბრეებს გუშინ არ შეხვდა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, კანდიდატი რამდენიმე დღის წინ დახმარებას დაპირდა, თუმცა პირობა არ შეუსრულებია.
„ადამიანებს აქვთ კერძო სუბიექტთან დავა, როგორც მე აქ ორი სიტყვით გავიგე. დანარჩენ სიტუაციაში კომპეტენტური ადამიანები გაერკვევიან და თუ ჩემს კომპეტენციაში რაიმე შედის, მე აუცილებლად გავერკვევი ამ სიტუაციაში და მათაც გავაგებინებ პასუხს,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ.