„ღია საზოგადოება საქართველო“ მერობის კანდიდატებს დღეს ხელმოსაწერად დეკლარაციებს გადაუგზავნის. საუბარია ღია მმართველობის პარტნიორობის წევრობით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.
ინიციატივის ავტორების განმარტებით, ხელმოწერით, კანდიდატები იღებენ ვალდებულებას შეასრულონ სამოქმედო გეგმა და მომავალშიც განახორციელონ მნიშვნელოვანი რეფორმები, სახელმწიფო მმართველობის გამჭვირვალობის და ღიაობის უზრუნველსაყოფად.
ვადა პოლიტიკოსებს 3 ოქტომბრამდე აქვთ. ღია მმართველობის პარტნიორობა აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი ორგანიზაციაა, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში საქართველო უხელმძღვანელებს.
„ქალაქ თბილისის მერია მონაწილეობს ღია მმართველობის პარტნიორობაში და ამ დეკლარაციით მერობის კანდიდატები იღებენ ვალდებულებას, რომ გამარჯვების შემთხვევაში ეს პროგრამა გაგრძელდება. ის კანდიდატები, რომლებიც ხელს არ მოაწერენ, სამწუხაროდ, ეს იქნება განაცხადი, რომ ისინი არ აღიარებენ ამ პროგრამის მნიშვნელობას და არ უჭერენ მხარს ღია და გამჭვირვალე მმართველობის გაგრძელებას, თვითმმართველობის დონეზე,“ - აცხადებს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენელი ანანო ცინცაბაძე.