დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა, სტიქიის შედეგებს ებრძვის. ძლიერმა წვიმამ, ფოთში, ლანჩხუთში, ქობულეთსა და ბათუმში, საცხოვრებელი სახლები, გზები და ინფრასტრუქტურა დააზიანა. გადაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
უხვი ნალექის გამო პრობლემები შეექმნა ქობულეთის 5 სოფელს. წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მიწამ პრობლემები შეუქმნა ადგილობრივებს. ერთ-ერთ ოჯახს სახლის დატოვებაც მოუწია.
ღამით ავტომობილებით გადაადგილება შეფერხებული იყო ფოთშიც. ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ქალაქის შიდა გზები. წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე და დაიტბორა სარდაფები. ადგილობრივ ხელისუფლებაში მიზეზად, დროის მცირე დროში უხვი ნალექის მოსვლას ასახელებენ, რა დროსაც სანიაღვრე სისტემამ ვერ მოახერხა დიდი რაოდენობით წყლის გატარება.
ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე ოჯახი დაზარალდა ლანჩხუთის რაიონშიც. დაიტბორა ეზოები და სახლების პირველი სართულები. სახლები და ეზოები მოსახლეობამ საკუთარი ძალებით გაწმინდა. მოგვიანებით ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და დახმარებას დაპირდნენ.
ზღვისპირა მხარეში მოსახლეობა სტიქიას, უკვე მეორე დღეა ებრძვის. სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დღესაც იწვიმებს.
ავტორები: სოფო ჭულუხაძე, ლადო მენაბდე, ჯემალ ნაკაიძე, ზაზა ბესელია