ფონიჭალის 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან სამი წლის ბავშვის გადმოვარდნის გამო, ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილებმა ტრანსფარანტები - "შორს თორდინავა ბავშვებისგან!" მიიტანეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მხოლოდ ბაღის დირექტორის და ორი პედაგოგის გათავისუფლება საკმარისი არ არის და თანამდებობა თემურ თორდინავამაც უნდა დატოვოს და პასუხისგებაში მიეცეს.
მათი განცხადებით, ბაგა-ბაღებში დასაქმებულები არიან არაპროფესიონალები და დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები.
„მოვითხოვთ, თორდინავა დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს და მიეცეს პასუხისგებაში,“- განაცხადა 85-ე ბაგა-ბაღის ყოფილმა დირექტორმა, ინგა გუგავამ, რომელმაც სააღმზრდელო დაწესებულებაში მომხდარი ძველი ფაქტები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ორი საბავშვო ბაღიდან ბავშვები გაეპარათ და ქუჩიდან დააბრუნეს.